ნესტლე მსოფლიოს უდიდესი კვების კომპანიაა და შვეიცარიის საფონდო ბირჟის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სახელი. მისი ისტორია ორი კონკურენტის, ერთი კრიზისისა და ასობით შესყიდვის ამბავია.
ორი კომპანია ერთ ტბაზე
1866 წელს ამერიკელმა ძმებმა ჩარლზ და ჯორჯ პეიჯებმა შვეიცარიის ქალაქ ჰამში Anglo-Swiss Condensed Milk Company დააფუძნეს — შესქელებული რძე ევროპაში ახალი პროდუქტი იყო. ერთი წლის შემდეგ, 1867 წელს, ვევეში გერმანელი წარმოშობის ფარმაცევტმა ჰენრი ნესტლემ ჩვილებისთვის „ფარინ ლაქტეს“ — რძის, ფქვილისა და შაქრის ნარევის — გაყიდვა დაიწყო იმ დედებისთვის, ვინც ძუძუთი კვებას ვერ ახერხებდა. ორი კომპანია ათწლეულები ეჯიბრებოდა ერთმანეთს, 1905 წელს კი შეერწყა.
კრიზისი, რომელმაც Nescafé შვა
1929 წლის ბირჟის კრახის შემდეგ ყავის ფასი დაეცა და ბრაზილიას გაუყიდავი მარცვლის მთები დარჩა. ფრანგულ-იტალიური ბანკის თხოვნით ნესტლემ 1932 წელს ხსნადი ყავის შემუშავება დაიწყო; პროექტს მაქს მორგენტალერი ხელმძღვანელობდა. 1938 წლის 1 აპრილს შვეიცარიაში Nescafé გამოვიდა. მეორე მსოფლიო ომმა, როცა ამერიკელი ჯარისკაცების ულუფაში ხსნადი ყავა მოხვდა, ბრენდი მსოფლიოს გააცნო.
ზრდა შესყიდვებით
ომის შემდეგ ნესტლე ყიდულობდა: 1947 წელს Maggi, 1974 წელს L'Oréal-ის წილი, 1984 წელს ამერიკული Carnation 3 მილიარდ დოლარად, 1988 წელს ბრიტანული Rowntree (KitKat) 4.5 მილიარდად, 2002 წელს ცხოველების საკვების Ralston Purina, 2007 წელს Gerber 5.5 მილიარდად, 2012 წელს Pfizer-ის ბავშვთა კვების ბიზნესი 11.9 მილიარდად. 2018 წლის მაისში კომპანიამ 7.15 მილიარდი დოლარი გადაიხადა, რომ Starbucks-ის ყავა მაღაზიებში ეყიდა — თავად სტარბაქსის ამბავი ცალკე ისტორიაშია. თითოეული ასეთი შესყიდვა ბალანსზე გუდვილად ჯდება — იმ ფასად, რომელიც ბრენდისთვის ქარხნების ღირებულებაზე მეტია.
იყო ჩრდილიც. 1977 წელს აშშ-სა და ევროპაში ნესტლეს ბოიკოტი დაიწყო — კომპანიას ბრალდებოდა, რომ განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა კვებას აგრესიულად ყიდდა. მოგვიანებით კრიტიკა ჩამოსხმულ წყალსა და პლასტიკს მოჰყვა. 2024 წლის 1 სექტემბერს აღმასრულებელი დირექტორი ლორან ფრექსი გახდა, 2025 წლის სექტემბერში კი დირექტორთა საბჭომ ის თანამშრომელთან გაუმხელელი ურთიერთობის გამო მოხსნა და ფილიპ ნავრატილი დანიშნა.
ციფრები დღეს
2025 წელს ნესტლეს გაყიდვები 89.49 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი იყო, წმინდა მოგება — 9.03 მილიარდი. კომპანიას 271 000 თანამშრომელი, 335 ქარხანა და 2 000-ზე მეტი ბრენდი აქვს 185 ქვეყანაში. აქციები შვეიცარიის ბირჟაზე NESN-ით ივაჭრება, ამერიკაში კი ADR-ით — NSRGY.
რას ასწავლის ინვესტორს
ნესტლე კონგლომერატის მაგალითია: ასობით ბრენდი, რომელთაგან თითოეული ცალკე მოთხოვნას ემსახურება. ამ მასშტაბს ფასი აქვს — ყოველი შესყიდვა მაშინ ამართლებს, თუ ნაყიდი ბრენდი იმდენს გამოიმუშავებს, რამდენიც მისთვის ზედმეტად გადაიხადეს.
მოამზადა „ინვესტორმა“ (investi.ge) · განახლდა 1 ნოემბერი 2026 · როგორ ვამზადებთ მასალას
