ETF-ის რეალური ფასი ოთხი ნაწილისგან შედგება: ფონდის წლიური ხარჯი (TER), ყიდვა-გაყიდვის სპრედი, ბროკერის საკომისიო და ვალუტის კონვერტაცია. ამას ემატება ინდექსიდან გადახრა. ეს გზამკვლევი გიჩვენებს, სად ნახო თითოეული და რატომ აქვს 0.7%-იან სხვაობასაც კი დიდი მნიშვნელობა.
ოთხი ხარჯი
| ხარჯი | რა არის | სად ვნახო |
|---|---|---|
| TER (წლიური ხარჯი) | ფონდის მართვის წლიური ხარჯი, ფონდის აქტივებიდან ყოველდღიურად აკლდება (მაგ. IVV — 0.03%, SPY — 0.0945%, 2026 წლის ნოემბერი) | ფონდის ფაქტშიტი |
| სპრედი | სხვაობა ყიდვისა და გაყიდვის ფასს შორის | ბროკერის ეკრანი (სპრედი) |
| ბროკერის საკომისიო | თითო გარიგებაზე | ბროკერის ტარიფი |
| ვალუტის კონვერტაცია | სხვაობა კურსში | ბროკერი/ბანკი (ფულის გადარიცხვა) |
TER ფონდის ფასში ავტომატურად აისახება, დანარჩენს კი შენ ხედავ ანგარიშზე.
გადახრა ინდექსიდან
ETF ცდილობს ინდექსის გამეორებას, მაგრამ ზუსტი დამთხვევა არ ხდება. სხვაობას tracking difference ჰქვია: ფონდის შემოსავალი მინუს ინდექსის შემოსავალი. ის ხშირად ფონდის ხარჯისა და გადასახადების გამო ინდექსზე ცოტათი დაბალია. ორი ფონდის შედარებისას ერთსა და იმავე ინდექსზე ეს ციფრი ხარჯზე უფრო სრულ სურათს გვაძლევს (ფაქტშიტში ან ფონდის წლიურ ანგარიშში).
რატომ აქვს ხარჯს ამხელა მნიშვნელობა
პირობითი მაგალითი: 10 000 ₾, ბრუტო 7% წლიური შემოსავალი, 20 წელი. ხარჯს უბრალოდ ვაკლებთ შემოსავალს:
| ფონდის წლიური ხარჯი | ნეტო შემოსავალი | 20 წლის შემდეგ |
|---|---|---|
| 0,07% | 6,93% | დაახლოებით 38 194 ₾ |
| 0,75% | 6,25% | დაახლოებით 33 619 ₾ |
სხვაობა დაახლოებით 4 575 ₾ — იმავე ბაზარზე და იმავე რისკზე. ეს არითმეტიკული მაგალითია, 7% შემოსავალი პროგნოზი არ არის. რთულ პროცენტზე — რთული პროცენტი და რთული პროცენტის კალკულატორი.
რას ვადარებ ფონდის არჩევისას
- ერთი ინდექსი, ორი ფონდი: TER + tracking difference + ფონდის ზომა.
- ვაჭრობის ადგილი და ვალუტა: სპრედი და კონვერტაცია.
- მარტივი სტრუქტურა: ფიზიკური თუ სინთეზური გამეორება, ფაქტშიტში წერია (როგორ წავიკითხოთ ფაქტშიტი).
- გადასახადი: ფონდის რეგისტრაციის ქვეყანა — ამერიკული ფონდის დივიდენდს აშშ საქართველოს რეზიდენტს 30%-ს უკავებს, რაც ზოგჯერ TER-ზე დიდი ხარჯია (UCITS თუ ამერიკული ETF).
ETF-ების სია ხარჯებით: ETF-ები. შედარების გამოცდილება პორტფელში — პორტფელის წლიური შემოწმება.
წყაროები
შემოწმებულია 2026 წლის 4 ნოემბერს.
- ფონდის ხარჯები (TER) და tracking difference ფონდის ფაქტშიტში/პროსპექტშია; მაგალითები: ishares.com (IVV), ssga.com (SPY), 2026 წლის ნოემბერი
- მაგალითის ციფრები — არითმეტიკა: 10 000 × 1,0693²⁰ ≈ 38 194; 10 000 × 1,0625²⁰ ≈ 33 619 (პირობითი)
- აშშ-ის შემოსავლების სამსახური (IRS) — საგადასახადო შეთანხმებების ცხრილი 1 (Tax Treaty Table 1)
წაიკითხე გზამკვლევი ბოლომდე
დარეგისტრირდი უფასოდ — რამდენიმე წამში — და ყველა გზამკვლევი სრულად გაიხსნება.
- ყველა გზამკვლევი სრულად
- ვირტუალური პორტფელი და ჩემი სია
- ყველა კურსი უფასოდ
- ბარათის მითითება არ გჭირდება
მოამზადა „ინვესტორმა“ (investi.ge) · განახლდა 5 ნოემბერი 2026 · როგორ ვამზადებთ მასალას


