ინვესტორი

მთავარი / ინსტრუმენტები / ჩემი ფინანსები

ჩემი ფინანსები

ჩაწერე ხარჯი და შემოსავალი სამი მოძრაობით: აირჩიე კატეგორია, დაატრიალე რგოლი თანხამდე და დააჭირე შუაში. გვერდი გაჩვენებს, სად მიდის ფული და რამდენი დაგრჩება თვის ბოლოს. კატეგორიები შენია: დაამატე, გადაარქვი, წაშალე. თანხა ლარში, დოლარში ან ევროში — ეროვნული ბანკის კურსით. ჩანაწერები შენს ანგარიშში ინახება.

რატომ ღირს ხარჯების ყოველდღიური ჩაწერა

თვის ბოლოს „სადღაც გაქრა“ ფული ის თანხაა, რომელიც ბიუჯეტში არ ჩანს: ყავა გზაში, ტაქსი წვიმაში, მიტანა გვიან საღამოს. ცალ-ცალკე თითოეული პატარაა, ერთად კი თვეში საგრძნობ თანხად იკრიბება. როცა ყოველ ხარჯს ჩაწერ, თვის ბოლოს ზუსტად ჩანს, სად წავიდა ფული და რომელი ხარჯის შემცირება იქნება ყველაზე ადვილი.

როგორ მუშაობს: არაფერს გეკითხებით — უბრალოდ იწყებ ჩაწერას. ყოველი ხარჯი ბიუჯეტს აკლდება, შემოსავალი კი ემატება. „დღეს“ ეკრანზე სამი რიცხვია: მიმდინარე ბიუჯეტი, რამდენი გექნება თვის ბოლოს, თუ მეტს აღარ დახარჯავ, და დაახლოებით რამდენი დაგრჩება, თუ ასევე გააგრძელებ; სანამ შემოსავალი არ ჩაგიწერია, ჩანს ამ თვის ხარჯი. კატეგორიის ფილები შენია: „დამატება“ ფილით შექმენი საკუთარი, „რედაქტირებით“ კი გადაარქვი ან წაშალე. ქირა, ხელფასი, გამოწერები და ყოველდღიური მგზავრობა „განმეორებადი“ ღილაკით ერთხელ ჩაწერე — ყოველთვე, ყოველდღე ან არჩეულ დღეებში თავისით ჩაიწერება; ვარჯიში „კვირაში 3-ჯერ“ კი ერთი შეხებით. ახლოვდება გადასახადი? „დღეს“ ეკრანი 1–3 დღით ადრე შეგახსენებს. „თვე“ ეკრანი თვის კალენდარია: ყოველ დღეს მისი ხარჯი და შემოსავალი უწერია, დღეზე დაჭერით მისი ჩანაწერები და შენიშვნა ჩანს, ქვემოთ კი კვირების ჯამები, ხარჯი და შემოსავალი კატეგორიებად (ლარით, პროცენტით და წინა თვესთან სხვაობით) და დაახლოებით რამდენი გექნება წლის ბოლოს ამ ტემპით. ხელფასი დოლარში გაქვს ან ქირას ევროში იხდი? ჩაწერე იმ ვალუტაში — ლარში ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით გადაითვლება, კურსი და მისი თარიღი ყოველთვის ჩანს. სურვილის შემთხვევაში დაისახე დანაზოგის მიზანი თვეზე ან წელზე და ნახე, რამდენი გაქვს უკვე გადადებული.

კონფიდენციალურობა: ჩანაწერები შენს ანგარიშში ინახება და მათ მხოლოდ შენ ხედავ. ამ ბრაუზერში მუშა ასლიც რჩება, რომ ინტერნეტის გარეშეც იმუშაოს; ანგარიშიდან გასვლისას ის იშლება, თუ ყველაფერი უკვე გაგზავნილია. ანალიტიკაში თანხები და სახელები არასდროს იგზავნება.

რა ვუყოთ ციფრებს: თვის სურათი ბიუჯეტის კალკულატორში ჩასვი — ის აჩვენებს, რა ღირს ერთი ჩვევა 10 წელში და რას მოგცემდა იგივე თანხა ინვესტიციად. ბიუჯეტის წესები და 12 ჩვევა, რომელიც დაზოგვას აადვილებს: როგორ დავზოგოთ ფული. დანაზოგის პირველი ნაბიჯი კი სარეზერვო ფონდია.

ხშირი კითხვები

+სად ინახება ჩემი ჩანაწერები?

შენს ანგარიშში: ნებისმიერ მოწყობილობაზე გექნება და მათ მხოლოდ შენ ხედავ. ამ ბრაუზერში მუშა ასლიც რჩება, ამიტომ ინტერნეტის გარეშეც ჩაწერ — კავშირის დაბრუნებისას ჩანაწერი თავისით გაიგზავნება. ანგარიშის გარეშე გვერდზე მხოლოდ მაგალითის ცდა შეიძლება: ის ამ ბრაუზერში რჩება და სერვერზე არაფერი იგზავნება.

+როგორ ჩავწერო ხარჯი?

აირჩიე კატეგორია (პირველი უკვე არჩეულია), დაატრიალე რგოლი თანხამდე და დააჭირე შუაში. ნელა ტრიალისას თანხა 1 ლარით იცვლება, უფრო სწრაფად — 5-ით და 10-ით. კომპიუტერზე მაუსის ბორბალი და ისრებიც მუშაობს, Enter კი ჩაწერს. თანხის აკრეფაც შეიძლება: რგოლზე ციფრები აკრიფე ან მის ქვემოთ კლავიატურის ღილაკით გახსენი ველი. შემოსავლისთვის ზემოთ „შემოსავალი“ აირჩიე. შეცდომით ჩაწერილი ჩანაწერი ფანქრის ღილაკით შეცვალე ან ნაგვის ყუთით წაშალე.

+შემიძლია საკუთარი კატეგორიები?

კი, ხარჯისაც და შემოსავლისაც. „დამატება“ ფილით შექმენი ახალი — მაგალითად „ცურვა“, „ჭადრაკი“ ან „ფრილანსი“. „რედაქტირება“ ღილაკის შემდეგ ნებისმიერ ფილას შეეხე და სახელი გადაარქვი ან წაშალე, ჩვენ მიერ შექმნილიც. სახელის შეცვლისას ძველი ჩანაწერებიც ახალ სახელს იღებენ; წაშლისას ძველი ჩანაწერები არ იშლება და ბოლო სახელით რჩება.

+რას ნიშნავს სამი რიცხვი?

„მიმდინარე ბიუჯეტი“ — ჩაწერილი შემოსავალი მინუს ჩაწერილი ხარჯი. რიცხვზე დაჭერით მისი შეცვლა შეიძლება: ზუსტი თანხა, დამატება, გამოკლება ან გასუფთავება — ეს ჩანაწერად არ ითვლება და ხარჯებში არ ჩანს. სანამ შემოსავალი ან ბიუჯეტი არ გაქვს, აქ ამ თვის ხარჯი ჩანს: „ამ თვეში დახარჯე“. „თვის ბოლოს გექნება, თუ მეტს აღარ დახარჯავ“ — იგივე, პლუს ამ თვეში ჯერ მოსალოდნელი განმეორებადი შემოსავალი და მინუს ჯერ გადასახდელი განმეორებადი ხარჯი (ყოველთვიური, ყოველდღიური, არჩეულ დღეებში და „კვირაში N-ჯერ“). „ამ ტემპით თვის ბოლოს დაგრჩება, დაახლოებით“ — წინა რიცხვს აკლდება შენი საშუალო დღიური ჩვეულებრივი ხარჯი, გამრავლებული თვის ბოლომდე დარჩენილ დღეებზე. დღე საქართველოს დროით ითვლება.

+რატომ წერია „ჯერ ადრეა“?

ტემპის დასათვლელად საჭიროა ამ თვეში სულ მცირე 3 დღე და 3 ჩვეულებრივი ხარჯი (განმეორებადი ჩანაწერები არ ითვლება, ისინი უკვე მეორე რიცხვშია). მანამდე საშუალო ძალიან შემთხვევითი იქნებოდა, ამიტომ რიცხვს არ ვაჩვენებთ.

+შემიძლია ქირა, ხელფასი ან ყოველდღიური ხარჯი თავისით ჩაიწეროს?

კი. დააჭირე „განმეორებადი“, მიუთითე სახელი და თანხა და აირჩიე, რამდენად ხშირად: „ყოველთვე“ (თვის რიცხვი — 29, 30 ან 31 მოკლე თვეში თვის ბოლო დღეს ჩაიწერება; თუ ეს დღე ამ თვეში უკვე გავიდა, პირველად მომავალ თვეს), „ყოველდღე“ ან „არჩეულ დღეებში“ (მაგალითად, სამუშაო დღეებში მგზავრობა) — ესენი თავის დღეებში თავისით ჩაიწერება, დღეიდან; თუ გვერდი რამდენიმე დღე არ გაგიხსნია, გამოტოვებული დღეები გახსნისას ჩაიწერება. „კვირაში N-ჯერ“ (მაგალითად, ვარჯიში კვირაში 3-ჯერ) თავისით არ იწერება: ჩამწერის ქვეშ ღილაკი გამოჩნდება, მაგ. „ფიტნესი · 1/3“, და ერთი შეხებით ერთ ჯერს ჩაწერ. ნებისმიერი განმეორებადი ჩანაწერი შეცვალე ან წაშალე: შემდეგი დღეები ახალ წესს მიჰყვება, უკვე ჩაწერილი თანხები კი რჩება. ერთი დღის წაშლილი ჩანაწერი თავიდან აღარ ჩაიწერება.

+შემიძლია ჩანაწერს ან დღეს შენიშვნა დავუწერო? შემახსენებს გადასახადებს?

კი. ნებისმიერ ჩანაწერს შეცვლისას შენიშვნა დაუწერე — მაგალითად, „ნიკას საჩუქარი“ — და სიაში სახელის ქვეშ გამოჩნდება. „თვე“ ეკრანზე ნებისმიერ დღეს, წარსულსაც და მომავალსაც, შეეხე და შენიშვნა ჩაწერე; ასეთ დღეს კალენდარში პატარა წერტილი აქვს. „დღეს“ ეკრანის თავში შეხსენება ჩნდება, როცა 1–3 დღეში განმეორებადი ხარჯი გელოდება (მაგ. „ხვალ: ქირა · 900 ₾“) ან ახლო დღეებისთვის შენიშვნა გაქვს. „კარგი“ ამ შეხსენებას დამალავს. შეხსენებები მხოლოდ ამ გვერდზე ჩანს — ელფოსტას, SMS-ს ან შეტყობინებას არ ვაგზავნით.

+შემიძლია ხარჯი ან შემოსავალი დოლარში ან ევროში ჩავწერო?

კი. ჩამწერში აირჩიე ₾, $ ან € (არჩევანი ამ მოწყობილობაზე დაგამახსოვრდება). დოლარი და ევრო ლარში საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ითვლება — იმ დღის კურსით, რომელ დღესაც ჩანაწერია (შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში ბანკი ახალ კურსს არ აწესებს, ამიტომ ბოლო წინა კურსი გამოიყენება). სიაში ჩანს, მაგალითად, „100 $ = 270.50 ₾“ და ქვემოთ — „ეროვნული ბანკის კურსი, 16 ნოემბერი“. თანხის, ვალუტის ან დღის შეცვლისას ლარი ახალი დღის კურსით გადაითვლება. განმეორებადი ჩანაწერიც შეიძლება დოლარში ან ევროში: მომავალი თანხები დღევანდელი კურსით ჩანს და „დაახლოებით“ აწერია, ჩაწერის დღეს კი იმ დღის კურსით დაფიქსირდება. მიმდინარე ბიუჯეტი და ყველა ჯამი ლარშია.

+როგორ დავაყენო დანაზოგის მიზანი?

„დღეს“ ეკრანზე, ციფრების ქვეშ, დააჭირე „დანაზოგის მიზანი“ და აირჩიე: „ამ თვეში“ ან „წელიწადში“ გადადება და თანხა. დანაზოგი = იმ თვის ან წლის შემოსავალი მინუს ხარჯი. ჩანს ერთი ხაზით: რამდენი გაქვს უკვე გადადებული და, როცა ტემპი ცნობილია, დაახლოებით რამდენი დაგრჩება პერიოდის ბოლოს. მიზნის შეცვლა ან წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია. მიზანი არასავალდებულოა და არაფერს გირჩევს.

+როგორ ითვლება პროგნოზები და შეჯამებები?

„ამ ტემპით“ ციფრები დაახლოებითია და მთელ ლარებშია: დაგეგმილი განმეორებადი ჩანაწერები + შენი დღიური ჩვეულებრივი ხარჯის საშუალო × დარჩენილი დღეები (ერთი გამორჩეულად დიდი ხარჯი საშუალოში არ ითვლება). „თვე“ ეკრანზე „ამ ტემპით წლის ბოლოს“ ჩანს მინიმუმ 14 დღის ჩანაწერების შემდეგ: მიმდინარე ბიუჯეტი + 31 დეკემბრამდე დაგეგმილი ჩანაწერები − ბოლო 90 დღის საშუალო დღიური ხარჯი × დარჩენილი დღეები. ორშაბათს (ან ახალი კვირის პირველ გახსნაზე) „დღეს“ ეკრანზე ჩანს გასული კვირის შეჯამება, თვის პირველ დღეებში — გასული თვისაც: რამდენი დახარჯე, რამდენი მიიღე და წინა პერიოდთან სხვაობა. „თვე“ ეკრანზე კვირების ჯამები, ხარჯი და შემოსავალი კატეგორიებად (პროცენტით და წინა თვესთან სხვაობით) ყოველთვის ჩანს. ეს მხოლოდ შენი ჩანაწერების ციფრებია, არა რჩევა.

+რით განსხვავდება ეს ბიუჯეტის კალკულატორისგან?

ბიუჯეტის კალკულატორი თვის სურათია: რამდენი შემოდის, რამდენი გადის ჯგუფებად და რა ღირს ერთი ჩვევა 10 წელში. „ჩემი ფინანსები“ კი ყოველდღიური ჩანაწერია — რეალური თანხები, რომლებიც აჩვენებს, სად წავიდა ფული სინამდვილეში და რამდენი რჩება. ბიუჯეტის კალკულატორი და ჩვევის ფასი

მიმდინარე ბიუჯეტი = ჩაწერილი შემოსავალი − ჩაწერილი ხარჯი (+ შენ მიერ შეცვლილი თანხა, თუ შეცვალე). თვის ბოლოს = მიმდინარე ბიუჯეტი + ამ თვეში ჯერ მოსალოდნელი განმეორებადი შემოსავალი − ჯერ გადასახდელი განმეორებადი ხარჯი („კვირაში N-ჯერ“: ამ კვირაში დარჩენილი + N ყოველ შემდეგ კვირაზე, თვის ბოლო არასრული კვირა დღეების წილით). ამ ტემპით ≈ თვის ბოლოს − საშუალო დღიური ჩვეულებრივი ხარჯი × დარჩენილი დღეები (მთელ ლარებში). დოლარი და ევრო — საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით (nbg.gov.ge), ჩანაწერის დღის ან მისი წინა უახლოესი კურსით. ეს საგანმანათლებლო ინსტრუმენტია და არა ფინანსური რჩევა.